ბიოგრაფია
უჩა ჯაფარიძე დაიბადა 1906 წლის 17 აგვისტოს ონის მახლობლად სოფელ ღარში, მასწავლებლის ოჯახში. მამა - მალაქია ჯაფარიძე, მათემატიკის მასწავლებელი იყო. ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1924 წელს იგი ხდება თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი,სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დავით კაკაბაძე, იოსებ შარლემანი, ლადო გუდიაშვილი და ევგენი ლანსერე. სამწუხაროდ, 1925 წელს უჩა ჯაფარიძე, მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიაეტოვებინა სამხატვრო აკადემია და დაბრუნებულიყო სოფელში - საკუთარ ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო. 1931 წელს, სამხატვრო აკადემიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც. მან რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მოეგროვებინა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის. 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში და ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წლის ოქტომბრიდან უჩა ჯაფარიძე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს იღებს პროფესორის წოდებას. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე, ხოლო 1951, 1955, 1958 და 1972 წლების მხატვართა კავშირის ყრილობებზე არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. უჩა ჯაფარიძეს 1942 წელს მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია მონუმენტური ტილოსათვის – "საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს" და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია – 1987 წელს. იგი იყო აგრეთვე სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სსრ რამოდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1958), "შრომის წითელი დროშის" 3 ორდენით (1946, 1966, 1971) და სხვა ორდენებითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა (1946) და საბჭოთა კავშირის (1963) სახალხო მხატვრის წოდებები, არჩეული იყო სსრკ სამხატვრო აკადემიის ჯერ წევრ-კორესპონდენტად (1954), ხოლო შემდეგ (1958) – ნამდვილ წევრად. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. უჩა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1988 წელს და იგი დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
შემოქმედება
უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მისი მრავალფეროვანი და პროდუქტიული შემოქმედება ყოველთვის აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება მოიცავს პერიოდს 1930 წლიდან გარდაცვალებამდე (1988წ.). ამ დროის მონაკვეთში მხატვარმა შექმნა მრავალრიცხოვანი საინტერესო და ეტაპობრივი ნამუშევარი, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს იმდროინდელი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა როგორც დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები), ისე მის ნამუშევრებში მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (აკვარელი, გუაში, პასტელი, ტემპერის და ზეთის საღებავები). მიუხედავად მხატვრის ასეთი მრავალმხრივი ჟანრობრივი ინტერესისა, უჩა ჯაფარიძის ყველაზე მეტად საყვარელ და მისთვის ახლობელ დარგებად შეიძლება ჩაითვალოს პორტრეტი და უბრალო ადამიანებისადმი მიძღვნილი ჟანრული კომპოზიციები. პორტრეტების მთელი სერია მიეძღვნა ქართველი ხალხის ისტორიული წარსულის გამოჩენილი პიროვნებების მხატვრული სახეების შექმნას: დავით აღამაშენებელის, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ბესიკის, დავით გურამიშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას და სხვა მრავალის. ამ პორტრეტებში მხატვარმა წარმატებით შეძლო ამ გამოჩენილი პიროვნებების შთამბეჭდავი მხატვრული სახეების შექმნა, ხშირ შემთხვევებში მხოლოდ თავისი წარმოდგენის საფუძველზე. ისტორიული პორტრეტების გარდა, უჩა ჯაფარიძემ დატოვა მისი თანამედროვე გამოჩენილი ადამიანების მისეული მანერით შესრულებული პორტრეტების მთელი გალერეა: გალაკტიონის პორტრეტების სერია, ზაქარია ფალიაშვილის შთამბეჭდავი პორტრეტი, სიმონ ყაუხჩიშვილის, კორნელი კეკელიძის, ვახტანგ ბერიძის, შალვა ამირანაშვილის, იოსებ იმედაშვილის და სხვათა პორტრეტები. ეს პორტრეტები გამოირჩევიან არა მხოლოდ გარეგნული მომხიბვლელეობით, არამედ რჩება რა რეალისტური პრინციპების ერთგული, მხატვარი ახერხებს ყოველ ცალკეულ პორტრეტში ჩაწვდეს გამოსახული პიროვნების შინაგან ბუნებას და წარმოაჩინოს მისი საუკეთესო თვისებები. უჩას ასევე მრავლად აქვს შესრულებული თავისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მეუღლის, პორტრეტები. უჩა ჯაფარიძის ერთერთი ახლობელი და საყვარელი თემა უბრალო მშრომელების ცხოვრების ამსახველი ჟანრული კომპოზიციები იყო. ჯერ კიდევ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე შექმნა უჩა ჯაფარიძემ რაჭის სოფლის ცხოვრების ამსახველი ტილოები: “სიყრმის მეგობრები”, “დედის ფიქრები”, “მესტვირე” და სხვა. მას ამ გატაცებისათვის სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია. უჩა ჯაფარიძის ერთერთმა კომპოზიციამ – “ალპინისტის გაცილება”, ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. შემდგომში ეს ტილო ამერიკის შერთებულ შტატებში მოხვდა და ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის – ეიზენჰაუერის კერძო კოლექციაში ინახება. საერთოდ უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები დაცული და ექსპონირებულია საზღვარგარეთისა და საქართველოს მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული გალერეის ფონდში. მნიშვნელოვანი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში უკავია კედლის მონუმენტურ მხატვრობას. მის მიერ მრავალწლიანი შრომის შედეგად “იმელის” საკონფერენციო დარბაზისათვის შექმნილმა ორმა კომპოზიციამ (3მX8მ) წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში. დიდი ადგილი მხატვრის შემოქმედებაში დაიკავა აგრეთვე გრაფიკულმა ნამუშევრებმა, კერძოდ “ვეფხვისტყაოსნის” და “კაკო ყაჩაღის” ილუსტრაციებმა.
|