პარასკევი, 29.03.2024, 18:40
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბიოგრაფიები [4]
ჯაფარიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიები
სტატიები [4]
ისტორიული სტატიები ჯაფარიძების გვარისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების შესახებ
ძებნა
სტატისტიკა
ჯაფარიძეები
მთავარი » სტატიები » სტატიები

ლადო ჯაფარიძის მოგონება კნუტ ჰამსუნზე
   ჩემს ოჯახში მთელ რიგ მწერალთა და მხატვართა სამახსოვრო ფოტოპორტრეტებს შორის შემონახულია გამოჩენილი ნორვეგიელი მწერლის კნუტ ჰამსუნის ფოტოსურათიც. იგი მიძღვნილია ჩემი ძმის გრიგოლისადმი და გამოგზავნილია 1935 წელს ნორვეგიის პატარა ქალაქ ნორჰოლმიდან, სადაც კნუტ ჰამსუნმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.
  სათანადო წარწერითა და მწერლის ხელმოწერით დამშვენებული ფოტოსურათი წარმოადგენს პასუხს ჩემი ძმის მიერ გაგზავნილ წერილზე.

ჰამსუნი

  საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვში ჩვენი სტუდენტობის დროს ახალგაზრდები ჰამსუნის შემოქმედებით ვიყავით გატაცებულნი, ხოლო ჩემი ძმა, პირდაპირ, მოჯადოებული იყო მისი ნაწერებითა და ცხოვრებისეული თავგადასავლებით. ამიტომ დიდხანს ფიქრობდა მისთვის წერილის გაგზავნას. და ბოლოს, მოგვიანებით, 1935 წელს შეასრულა კიდეც თავისი განზრახვა. გრიშამ, ნიშნად დიდი პატივისცემისა, "ვეფხისტყაოსნის" ქართული გამოცემის ერთ ერთი ნიმუშიც გაუგზავნა.
   მე კი ეს ამბავი ასევე მოგვიანებით მინდა გავიხსენო და დავუკავშირო იგი კნუტ ჰამსუნის 120 წლისთავს...
  ჩვენი სტუდენტობის დროს მოსკოვში, ცხრაასიანი წლების დასაწყისში, ძირითადად უცხოურ ლიტერატურას ვკითხულობდით, რადგან რუსულ მწერლობას, როგორც საგიმნაზიო კურსს, ზედმიწევნით კარგად ვიცნობდით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართულ ლიტერატურაზე. და აი, კნუტ ჰამსუნმა დაიპყრო ჩვენი სული და გული, მისი „ვიქტორია", „შიმშილი", „მისტერიები" და სხვ. თითქმის ყველას თავსასთუმალთან ედო.
  ჩემი ძმა პირდაპირ „ჩამწვარი" იყო მის ნაწერებში და მთხოვდა, ღირსეული წერილი გაგვეგზავნა მწერლისათვის, მაგულიანებდა და მირჩევდა ჩვენს მსგავსებაზეც გვემცნო ორიოდ სიტყვით, რათა ამის შესახებ რაიმე დაეწერა; ის ხომ ადამიანის სულის სიღრმეთა პოეტიაო, - მეუბნებოდა, მაგრამ მე ვვუარობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ დიდი მწერალი ვერ მოიცლიდა ამდენ თაყვანისმცემელთა წერილების წასაკითხად.
   იყო ჩვენს შორის დაუსრულებელი აზრთა გაცვლა გამოცვლა, ვიდრე ოცდაათიან წლებში გრიშამ თბილისიდან პირადად არ გაუგზავნა წერილი.
  ნორვეგია, საიდანაც კნუტ ჰამსუნის შემოქმედება მსოფლიოს მწერლობას მოევლინა, ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ერთი პატარა ქვეყანაა სულ რაღაც 3 მილიონი მოსახლეობით, მაგრამ დიდი კულტურითა და წარსულით. განსაკუთრებით ცნობილია მხატვრული ლიტერატურით და მისი ისეთი ღირსეული წარმომადგენლებით, როგორებიც არიან: ბიერნსტიერნე - ბიერნსონი, ჰენრიკ იბსენი თავისი განთქმული დრამებით: „ნორა", „ექიმი შტოკმანი", „ბრანდი", „მოჩვენებები" და მრავალი სხვა. საქვეყნოდ ცნობილია, ასევე, დიდი კომპოზიტორი ედვარდ გრიგი.
   ამ გამოჩენილ ნორვეგიელთა ჯგუფს ეკუთვნის მათივე თანამედროვე კნუტ ჰამსუნი (1859 - 1952), მაგრამ განსხვავება ის გახლავთ, რომ წარმოშობით ჰამსუნი ღარიბთა წრეს განეკუთვნება და ამიტომ თავისი ორიგინალური ბიოგრაფიით უფრო მაქსიმ გორკის მოგვაგონებს. მას, გორკის მსგავსად, ღირსეული სასკოლო განათლება არ მიუღია, თუ არ გავითვალისწინებთ დაწყებითი სკოლის კურსს, რომელიც მან თავის მშობლიურ სოფელში გაიარა, ხოლო უფრო დიდი განათლება უშუალოდ ცხოვრებიდან და წიგნებიდან შეიძინა. წიგნებს კი ეს სწავლას მოწყურებული და მძიმე შრომისაგან დაღდასმული გლეხი ბიჭი რვა წლის ასაკიდან ეწაფებოდა; ასეთ ჭაპან წყვეტაში გაატარა მან თავისი ბავშვობის ულამაზესი წლები და უკვე თოთხმეტი წლის ასაკში იძულებული გახდა მშობლიური კერა მიეტოვებინა და ლუკმა პურის საშოვნელად დაეწყო ხეტიალი.
   რომელ ქალაქსა თუ ქვეყანაში არ ყოფილა კნუტ ჰამსუნი, ამერიკაშიც კი ამოყო თავი; სად არ იმუშავა, რას არ აკეთებდა; მოჯამაგირეობდა, მუშაობდა ფერმერებთან, ომნიბუსის კონდუქტორად, მაღაზიის ნოქრის თანაშემწედ და სხვ. მაგრამ ვერსად ჰპოვა ვერც მატერიალური უზრუნველყოფა და ვერც სულიერი კმაყოფილება.
   და აი, 1877 წელს, თვრამეტი წლის ყმაწვილმა, სრულიად მოულოდნელად ხელი მოჰკიდა კალამს და ლიტერატურულ სარბიელზეც მოსინჯა ბედი. ანაზდეულად გამობრწყინვებული შემოქმედებითი ნიჭის წყალობით დაიწყო მოთხრობებისა თუ პატარ პატარა საგაზეთო წერილების წერა, რომელთაც ზოგჯერ უბეჭდავდნენ კიდეც. ასეთ წვალებაში იცხოვრა რამდენიმე წელიწადს ნახევრად მშიერი ლიტერატორის ცხოვრებით.
   ამერიკაში ყოფნის შთაბეჭდილებები ერთ მოზრდილ წერილად ჩამოაყალიბა და მალე დაბეჭდა კიდეც. მან მკითხველთა ფართო ინტერესი გამოიწვია, მაგრამ გაჭირვებას მაინც ვერ დააღწია თავი. ბოლოს და ბოლოს თავისი ტანჯული ცხოვრების აღწერას მოჰკიდა ხელი. 1890 წელს კნუტ ჰამსუნმა ერთად მოუყარა თავი ხსენებულ ნაწერებს, ძირფესვიანად გადაამუშავა ისინი და ერთ დიდ მოთხრობად ჩამოაყალიბა, რომელსაც სათაურად „შიმშილი" უწოდა.
   აქ უკვე აშკარად გაუღიმა ბედმა და ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისა და დიდი ფსიქოლოგიური ოსტატობით დაწერილი მოთხრობების წყალობით კნუტ ჰამსუნი ერთბაშად გახდა ცნობილი მთელი ნორვეგიისათვის, ხოლო შემდეგ - ევროპისთვისაც. მხატვრული სიტყვის თაყვანისმცემლებმა მისი სახით უზარმაზარი და მეტად თავისებური მწერალი აღმოაჩინეს.
  დიდი მწერლები ბიერნსონი, გეორგ ბრანდესი, ჰენრიკ იბსენი და სხვები გაოცებულნი დარჩნენ ამ „ერთბაშად ამოხეთქილი ნიჭის" გამოჩენით, ხოლო მისი მოთხრობა „შიმშილი" ყველასთვის საყვარელ ნაწარმოებად იქცა.
  ამ ქმნილებებმა დასაბამი მისცეს კნუტ ჰამსუნის უაღრესად საინტერესო ლიტერატურულ ბიოგრაფიას. მკითხველებმა მალე იხილეს ასევე მაღალმხატვრულად დაწერილი მომდევნო მოთხრობები და რომანები: - „ვიქტორია", „პანი", „მისტერიები" და სხვა, ხოლო 1917 წელს გამოდის კნუტ ჰამსუნის ყველაზე დიდი რომანი, რომელსაც რუსულ თარგმანში „Сок земли" ეწოდება. მე მას ქართულ ენაზე პირობითად „მიწის მადლს" ვუწოდებდი. ეს ნაწარმოები მიჩნეულია მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ ყველაზე მონუმენტურ ეპიკურ ნაწარმოებად, რისთვისაც კნუტ ჰამსუნს ნობელის პრემია მიენიჭა.
   კნუტ ჰამსუნმა 93 წელი იცოცხლა და ამ დროის მანძილზე არა-ერთი მხატვრული ქმნილება შესძინა მსოფლიო მწერლობას. 1959 წელს, მისი დაბადების 100 წლისთავზე, ნორვეგიაში გამოქვეყნებულმა მწერლის თხზულებათა საერთო მოცულობამ 15 ტომი შეადგინა.
   მწერალი ბევრს მუშაობდა და მოგზაურობდა, ეცნობოდა სხვადასხვა ხალხთა ცხოვრებას; სხვათა შორის, საქართველოშიც იყო, როცა რუსეთი და კავკასია მოიარა. ეს მოგზაურობა ჭეშმარიტი პოეტური აღმაფრენით დაგვიხატა ნაშრომში „ზღაპრულ ქვეყანაში". აქაა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებებიც. ამასთან, ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა დრამა „თამარ მეფე".
    ეს ორი ნაწარმოები უფრო იმითაა ჩვენთვის საინტერესო, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ქართული თემა” უშუალო შთაბეჭდილებებითაა ნასაზრდოები.
   „თამარ მეფე" სამმოქმედებიანი დრამაა, მაგრამ ისტორიულ სინამდვილესთან თითქმის არაფერი აკავშირებს. ის უფრო რომანტიკული თზულებაა - შექმნილი ჰამსუნისათვის დამახასიათებელი ხელწერით. ის სიყვარულისა და სილამაზის ჰიმნს წარმოადგენს, თუმცა მისი ზოგიერთი მოქმედი პირი ისტორიულია, მათ შორის თამარის შვილები გიორგი და რუსუდანი, რომლებიც თამარს მეორე ქმართან - დავით სოსლანთან ჰყავდა და არა გიორგი რუსთან; დავითი კი ნაწარმოებში, როგორც გიორგი, ისეა მოხსენიებული.
   თავის დიდ მოგზაურობას ჰამსუნი უძღვნის მეორე წიგნს - „ზღაპრულ ქვეყანაში", რომელშიაც გვაწვდის შესანიშნავ პოეტურ სენტენციებს. გზად მწერალი მოსკოვში ჩერდება. ის პირდაპირ განცვიფრებულია ამ ქალაქის ორიგინალობითა და სილამაზით: - „სად არ ვყოფილვარ, ქვეყნის რომელი კუთხე არ მინახავს, მაგრამ არსად შემხვედრია მოსკოვის კრემლის მსგავსი სილამაზე. ის პირდაპირ ზღაპრულია!"
  გაკვირვებულია აგრეთვე მოსკოვის ეკლესიების სიმრავლითა და რუსი ხალხის განსაკუთრებული ღვთისმოსაობით. 
  - ეს სლავიანები არიან, - ვფიქრობ მე და მივჩერებივარ მათ, ეს მომავალი ხალხია... ასეთ ხალხს შეუძლია წარმოშვას რუსული ხასიათის უსაზღვრო და უკიდეგანო ლიტერატურა... ჩვენ ყველას ბევრი დრო დაგვჭირდება, რათა შევეგუოთ და მივუახლოვდეთ მას...
  მოსკოვიდან საქართველომდე ჰამსუნი ჯერ კავკავში ჩერდება (ახლანდელი ორჯონიკიძე). საქართველოს სამხედრო გზით თბილისისაკენ მიემგზავრება, აქედან კი შთაბეჭდილებებით სავსე გადაჰყურებს დუშ¬ეთს, არაგვსა და მხრებზე კოკებშედგმულ ქალებს.
   და ბოლოს თბილისიც...
  - ესეც თბილისი, - ამბობს კნუტ ჰამსუნი, - ქალაქი, რომელზედაც ასე ხშირად წერდნენ რუსი პოეტები და სადაც არაერთი რუსული რომანის მოქმედება იშლება. - დავათვალიერეთ თბილისი, - განაგრძობს მწერალი, - და არ მოგვეწონა იგი, მაგრამ მის წიაღში მოვნახეთ პატარა კუთხე, რომელიც ძალზე ორიგინალური გვეჩვენა. ხშირად ვესტუმრებოდით ხოლმე მას და იქ ყოფნით ვერა ვძღებოდით. ეს იყო ქალაქის აზიური კვარტალი, რომელსაც რაღაც თავისებური იერი და სახე ჰქონდა. აქ რაღაც სართულებიანი ლაბირინთებია, კიბეები გადიან სახლიდან სახლამდე, მიწიდან ბანებამდე, თითქოს რაღაც სხვა ქვეყანააო. და სწორედ ასეთი იშვიათი კუთხე გარშემორტყმულია თანამედროვე ვაჭრული ქალაქის ხმაურით.
   - ჩემი სასტუმრო „ლონდონია", - განაგრძობს კნუტ ჰამსუნი და თანაც ასეთი ცნობებიც მოაქვს თბილისზე: - ქალაქში 160 ათასი მცხოვრებია ამჟამად (იგულისხმება გასული საუკუნის ბოლო წლები. ლ.ჯ.). კაცები ორჯერ მეტია ქალებზე. აქ 70 ენაზე ლაპარაკობენ... ქალაქში შემონახულია ქართველ მეფეთა სასახლე, რომელიც ამჟამად საპატიმროდაა გადაქცეული. ქალაქში რომელიღაც რუსი გენერლის ერთი ძეგლი დგას (გულისხმობს ვორონცოვის ძეგლს, რომელიც რევოლუციამდე იდგა დღევანდელი მარქსის მოედანზე. ლ.ჯ.). შორს, ქალაქის თავზე გაშენებულია წმინდა დავითის მონასტერი. ის დგას ქართველებისათვის წმინდად მიჩნეულ „მთაწმინდაზე". მონასტრის ახლოსაა გრიბოედოვის საფლავი...  
    თბილისის შემდეგ მწერალი ბაქოს სწვევია: ყველაზე უფრო შეუხედავი ქალაქია, - ამბობს იგი, - მტვერშია გახვეული ადამიანებიც, ცხოველებიც და ის ორიოდე ბუჩქიც კი, რომელიც ქალაქის პარკში შევამჩნიეთ. ირგვლივ ყველაფერი ნავთის სუნითაა გაჟღენთილი, ყოველ ნაბიჯზე დგას მაზუთით ჩაშავებული კონკები და დღედაღამ გაუჩერებლივ გუგუნებენ მიწის საბურღავი მანქანები...
   სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობამ ასეთი სიტყვები ათქმევინა მას: - აქ ირგვლივ ისეთი მცენარეულობაა და ისეთი მდიდარია ბუნება, რომლის მსგავსი არსად შემხვედრია: ტყეები, გაუვალი ტევრები, კაკალი, მუხა, თელა, წაბლი, თხილი, რა გინდათ, არ იყოს აქ ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ მატარებლის ფანჯრიდან ხარბად მივჩერებივართ ყველაფერ ამას, ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანას, გვაოცებს ასეთი თვალწარმტაცობა და ვუმადლით ბედს, წყალობა რომ არ მოგვიშალა და ამ იშვიათი სანახაობის ღირსი გაგვხადა. ეს ადგილი უმშვენიერესი კუთხეა კავკასიაში. ხვალ ჩვენ ისევ უნდა დავბრუნდეთ ბაქოში, რათა იქიდან უკვე აღმოსავლეთში წავიდეთ და დავტოვებთ კიდეც ამ მხარეს, მაგრამ მე ის სამუდამოდ ჩამრჩება გულში და მისი ხელახალი ნახვის დიდი ნატვრა ყოველთვის მტკივნეულად მომაწვება გულზე, რადგან მე ხომ ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც რგებია „მტკვრის წყლის დალევის ბედნიერება."
   აი, ის ცოტაოდენი რამ, რაც კნუტ ჰამსუნის მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე მინდოდა მეთქვა - ის განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, რადგან ხსენებული თხზულებები მაშინდელი საქართველოს სურათებსაც გვიხატავს.
 ლიტერატურათმცოდნეთა საერთო აზრით, კნუტ ჰამსუნმა ლიტერატურაში აღმოაჩინა სიყვარულის ახალი, სულ სხვაგვარი, მანამდე უცნობი მხარეები, ახალი სახეები, ახალი გაგება.
   მისი ლირიკული რომანი „ვიქტორია" ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება, იმათ შორის რაც კი სიყვარულის თემაზე დაწერილა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში. იგი თარგმნილია ქართულ ენაზე ცნობილი მთარგმნელის ილია აგლაძის მიერ და ნაწილ ნაწილ დაიბეჭდა ერთ ერთ მაშინდელ ქართულ ჟურნალში, თუ არ ვცდები, ოცდაათიან წლებში.
   ჰამსუნის თხზულებების რუსეთში - და კერძოდ, ჩემი დროის მოსკოვში - რუსულ ენაზე მთარგმნელი და გამომცემელი ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ - მაშინდელი სტუდენტობა - ამ დიდი მწერლის ნაწერებს, ისევე როგორც ბევრ სხვას, გვაზიარა ერთმა მშვენიერმა გამომცემლობამ „პოლზა"-მ, რომელიც კერძო პირს ვ.ანტიკსა და ამხანაგობას ეკუთვნოდა. ის საგანგებოდ უცხოური ლიტერატურის გამოცემაზე მუშაობდა და თარგმნილ წიგნებს „უნივერსალური ბიბლიოთეკის" სახელწოდებით აწვდიდა რუსეთის ფართო საზოგადოებას.
   სხვათა შორის, ეს ის ,,პოლზაა” რომელმაც ჩვენი თარგმნილი „გლახის ნაამბობი", „ბაში აჩუკი", ყაზბეგის „ელისო" და სხვა მოთხრობებიც გამოაქვეყნა.
   ყოველი ავტორის ცალკეულ ნაწარმოებს „პოლზა" ცალ ცალკე, პატარა ზომის, ერთი ფორმატის წიგნად და ერთნაირი გაფორმებით ბეჭდავდა. თითოეული წიგნი ათი კაპიკი ღირდა და ყველას თავისი ნომერი ჰქონდა, რაც აადვილებდა მის მიკვლევას. თუ ნაწარმოები დიდი მოცულობის იყო და ერთ ნომერში არ თავსდებოდა, „პოლზა" მაინც ერთ წიგნად ბეჭდავდა, მაგრამ ორი ნომრით და ფასსაც ორმაგს 20 კაპიკს ადებდა. ასეთი წესით იყო გამოცემული ფლობერის „მადამ ბოვარი", დიკენსის „დავით კოპერფილდი", შილერის „ყაჩაღები" და ბევრი სხვა. ზოგიერთი მისი გამოშვებული წიგნი სამ და ოთხნომრიანიც კი იყო.
   ასე გააცნო „პოლზამ" თავის მკითხველს მაშინ ჩვენთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ ხალხთა მწერლობა, აღარას ვიტყვი დიდი ქვეყნების - ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვათა ლიტერატურაზე.
  მოკლედ, სწორედ ”პოლზას” მეშვეობით ვეზიარეთ დანიური, ბელგიური, შვედური, ნორვეგიული, ფინური ლიტერატურის ნიმუშებს. ასე გავეცანით კნუტ ჰამსუნის თხზულებებსაც.
   სწრაფად ვრცელდებოდა „პოლზას" მიერ გამოცემული ეს უამრავი ლიტერატურა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, იყიდებოდა მაღაზიებშიც და რკინიგზის სადგურებში ჟურნალ-გაზეთებისთვის განკუთვნილ ჯიხურებშიც. რომელი მგზავრი არ შეიძენდა ასე იაფსა და ლამაზად გამოცემულ წიგნაკს? ასეთი გამოცემები ხშირად დიდ ტირაჟს აღწევდა და რამდენჯერმე იბეჭდებოდა, მაგრამ მკითხველს მაინც არ ყოფნიდა. მახსოვს, სამჯერ დაიბეჭდა ჩვენი თარგმნილი „გლახის ნაამბობი", მაგრამ მკითხველი მაინც უწიგნოდ დარჩა. ბევრი მას ორ სამ ცალს და მეტსაც იძენდა. როგორც იოსებ გრიშაშვილის ნაამბობიდან ვიცი, მიუხედავად მისი ხელმოკლეობისა, პოეტმა ამ წიგნის რამდენიმე ცალი შეიძინა, ხოლო ძველი ინტელიგენციის წარმომადგენელმა ინჟინერმა ნიკო კვეზერელმა-კოპაძემ პეტერბურგში ათი ცალი იყიდა.
  დიახ, თავდავიწყებით ვკითხულობდით კნუტ ჰამსუნის ნაწერებს, რომელიც ადამიანთა სულის მოძრაობის ნიუანსებსა და საიდუმლოებებს გვაზიარებდა და გვაყვარებდა კიდეც.
  ო, რა ბრწყინვალედ პასუხობდნენ მისი წიგნები ჩვენს მაშინდელ ახალგაზრდულ განწყობილებებს!
  რაჭაში, მშობლიურ სოფელ ღარში, ჩვენს ბინაში ხატივით გამოვკიდეთ კნუტ ჰამსუნის დიდი პორტრეტი, რომელიც მე და გრიშამ ნახშირით შევასრულეთ. ჩვენებიც სათაყვანებელ მწერლად მიიჩნევდნენ მას. მხოლოდ პატარა უჩა, მაშინ სკოლის ცეროდენა მოსწავლე, ვერ ერკვეოდა მის ვინაობაში; მაგრამ გავიდა დრო, გაიზარდა ჩემი უმცროსი ძმა და მანაც მთელი არსებით შეიყვარა კნუტ ჰამსუნის შემოქმედება.
   1935 წელს გრიშამ ხელი მოჰკიდა ჰამსუნის ერთ ერთი შედევრის "პან"-ის ქართულ ენაზე თარგმნას. ამასთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა წერილი გაეგზავნა საყვარელი მწერლისათვის, რათა ახლა მაინც აესრულებინა თავისი დიდი ხნის სურვილი და მისწერა კიდეც.
  გრიშამ მის მიერ რუსულად დაწერილი ბარათი თავის ერთ უნივერსიტეტელ მეგობარს გადაათარგმნინა გერმანულ ენაზე, მერე ლამაზი ხელით სუფთად გადაწერა და ფრთხილად ჩადო კონვერტში. წერილს თან „ვეფხისტყაოსნის" ახალი ეგზემპლარი დაურთო და ნორვეგიაში გაგზავნა.
   გრიშას წერილი ასეთი იყო:
   „უღრმესად პატივცემულო დიდო ხელოვანო ბატონო ჰამსუნ! თითქმის ყოველდღე მიხდება მე იმ სასტუმრო „ლონდონის" წინ გავლა, რომელშიც თქვენ გაგიტარებიათ რამდენიმე დღე თბილისში ყოფნის დროს და ყოველი გავლისას ცხოვლად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ მომენტები თქვენი დაუვიწყარი მხატვრული პერსონაჟების ცხოვრებიდან; ამ დროს მე ხშირად მეუფლება ხოლმე სურვილი გამოგეხმაუროთ აქედან და მოგაწოდოთ ჩემი უგულითადესი, გულიდან ამოღებული სალამი, დიდო ჰამსუნ - საყვარელთა შორის უსაყვარლესო პოეტო.
   მინდა გაგახსენოთ თბილისი და საზოგადოდ საქართველო, რომელსაც თქვენ ჯერ კიდევ იმ დროს უყვარდით, როცა მისი ცის ქვეშ დაიარებოდით შორეული ნორვეგიიდან ჩამოსული ახალგაზრდა სტუმარი.
  გულწრფელი სიყვარულის ნიშნად ამ წერილთან ერთად საჩუქრად გიგზავნით ქართველი კაცისათვის ყველაზე უფრო საყვარელ წიგნს - XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტის - რუსთაველის პოემას.
  დავიწყე თქვენი რომანის „პან"-ის თარგმნა და ვითხოვ თქვენს ნებართვას ამ რომანისა და სხვა თქვენი ნაწერების თარგმნაზე, რომელთა შესრულება უახლოეს მომავალში მაქვს განზრახული. თქვენი რამდენიმე ნაწარმოები ახმაურდება საქართველოში, როგორც თქვენი პოეზიის ულამაზესი ნაწყვეტი და უძვირფასესი რელიქვია, აგრეთვე, როგორც თქვენი სალამი ჩვენს ძველ რაინდს - რუსთაველს, რომელიც საუკუნეებით დაშორებულია ჩვენგან.
   მინდა მჯეროდეს, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვეღირსება სახსოვრად მივიღოთ თქვენი რომელიმე წიგნი ან პორტრეტი. მე მას წავიღებ სასტუმრო „ლონდონში" ან მოპირდაპირე ბაღში და გავახსენებ ოდესღაც თქვენი იქ ყოფნის დღეებს.
 იცოცხლეთ დიდხანს და იყავით ჯანმრთელად, დიდო ჰამსუნ, და იმ მრავალმილიონიან თქვენს მკითხველთა შორის, რომელთაც უყვარხართ და ეყვარებით მუდამ მომავალშიც, საუკუნეების მანძილზე, გთხოვთ მიგულოთ მეც - თქვენი ერთგული პატივისმცემელი გრიგოლ ჯაფარიძე, რომელიც მოელის თქვენგან ჩემი წერილისა და წიგნის მიღების რაიმე დამადასტურებელ ნიშანს.
  კავკასია. თბილისი. ორბელიანის ქუჩა, 36.
  1935 წლის ნოემბერი."
 მალე გრიშამ ნორვეგიიდან ერთი მოზრდილი კონვერტი მიიღო და გულის ფანცქალით გახსნა. იგი მადლობის აღმნიშვნელი ოფიციალური წერილი ეგონა, როგორიც იციან ხოლმე დიდმა ადამიანებმა ასეთ შემთხვევაში, - და რა გახარებული და ფრთაშესხმული იყო, როცა კონვერტში მწერლის პორტრეტი აღმოჩნდა მისივე ავტოგრაფით.
   ეს იყო კნუტ ჰამსუნის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი და მარგალიტის მძივებად ასხმული სიტყვები:
  „გრიგოლ ჯაფარიძეს მადლობით მისი უთავაზიანესი წერილისათვის, ნორჰელმი, 16 დეკემბერი, 1935, კნუტ ჰამსუნი"...
  შორეული ქვეყნიდან მიღებული ძვირფასი ნობათი გრიშამ თავისი სურვილების კეთილ დაგვირგვინებად მიიჩნია.
   მალე ამ ფოტოსურათის ასლი ჩემთვისაც გადააღებინა და საჩუქრად გადმომცა.
   ასე გაჩნდა ჩემს ოჯახშიც დიდი ნორვეგიელი მწერლის პორტრეტი ავტოგრაფით, რომელიც ძალიან ბევრ სასიამოვნო წუთს მომაგონებს და თითქოს სიჭაბუკესაც კი მიბრუნებს ხოლმე.
   გრიშას მიერ კნუტ ჰამსუნთან გაგზავნილი წერილი და „ვეფხისტყაოსანი", ალბათ, გამოფენილი იქნება მწერლის მემორიალურ მუზეუმში ნორვეგიაში.

ლადო ჯაფარიძე
კატეგორია: სტატიები | დაამატა: Zura (03.11.2012)
ნანახია: 1841 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 საშიკო • 19:29, 26.09.2013
ბიოგრაფიების საიტი http://nobility.pro/ge/ და გენეალოგია ქართველ თავად–აზნაურთა http://nobility.pro/genealogy/
avatar
Copyright Z. Japaridze © 2024