ოთხშაბათი, 19.12.2018, 11:09
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბიოგრაფიები [4]
ჯაფარიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიები
სტატიები [4]
ისტორიული სტატიები ჯაფარიძების გვარისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების შესახებ
ძებნა
სტატისტიკა
ჯაფარიძეები
მთავარი » სტატიები » სტატიები

"აგრაფინა კისკისაო"

"აგრაფინა კისკისაო"

 

   

    აგრაფინა ჯაფარიძის განქორწინება თავად ტარიელ დადიანთან და ქორწინება ოლდენბურგის ჰერცოგის ვაჟზე პრინც კონსტანტინე პეტრეს ძეზე, 1882 ნელს ერთობ გახმაურებული ამბავი იყო. ამის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდა მთელ საქართველოში და პეტერბურგშიც. მერე თანდათან ეს ქორწინება მივიწყებას მიეცა და იშვიათად თუ გაახსენდებოდათ იმ მწერლებს, რომლებიც მე-19 საუკუნის 80-იანი ნლების ქუთაისის ცხოვრებას აღწერდნენ. მაგრამ ამ საუკუნის დამდეგიდან კვლავ გაცოცხლდა აგრაფინას სახელი. ეს თემა ქართული თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის მუზეუმის შენობას დაუკავშირდა და აგრაფინას შესახებ ბევრი ტყუილი და მართალი დაიწერა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

    სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები, და არა მარტო ისინი, გულმოდგინედ ეძებენ და იგონებენ სკანდალურ ცნობებს, რომლებიც იდუმალებით შემოსავდა ამ ქალბატონს და არ ერიდებიან ხოლმე მის გაკილვასაც. მუზეუმის შენობის ე.წ. სიყვარულის ოთახში ის, ქორნინებამდე (ანუ 1882 წლის შემოდგომამდე), თურმე მალულად ხვდებოდა პრინც ოლდენბურგს. ეს ეპიზოდი ინტერვიუდან ინტერვიუში და სტატიიდან სტატიაში გადადის და აგრაფინა ჯაფარიძეს, ამ ღირსეული ქალბატონის მორალურ სახეს, რბილად რომ ვთქვათ, ჩრდილს აყენებს. რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ამ შენობის აგების უფლება ნოვოსადოვაიას ქუჩაზე, არქიტექტორ პაულ შტერნის პროექტით, მინის ნაკვეთის მფლობელმა ემილია ტიტელმა მხოლოდ 1896 წლის 27 ივნისს მიღო ქალაქის მართველობიდან. (საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 192, საქმე 4647). ეს ადგილი მისი საკუთრება იყო 1897 ნელსაც. ამ დროს აგრაფინა უკვე 6 შვილის დედა იყო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, სად ხვდებოდნენ ერთმანეთს პრინცი და აგრაფინა? არარსებული შენობის არარსებულ ოთახში? იქნებ ამას არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ჯერ საკუთარი თავი და მერე სხვა დაარწმუნო, რომ არარსებულ ოთახში არარსებული შეხვედრები იმართებოდა. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, განახლებული მუზეუმის ამ ოთახში მემორიალურ დაფასაც გააკრავენ წარწერით "აქ, აი, აქ, ეწყობოდა პრინც ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის სასიყვარულო სამიტი”.

     სხვა სენსაციური აღმოჩენაც უნდა გავიხსენო: სწორედ ამ შენობაში გაგუდეს ან ჩამოახრჩეს თურმე უკვე ფსიქიურად დაავადებული (ამას ამბობენ კარგარეთელის ქუჩის მცხოვრებნიო!) აგრაფინა ბოლშევიკებმა.

     მერე რა, რომ ასე არ მომხდარა, მუზეუმის შენობაში ხომ მოჩვენება დადის, რასაც მუზეუმის თანამშრომლები ადასტურებენ. ის თურმე აგრაფინას მოჩვენებაა. ხოლო ბიოენერგოკორექტორი კი სერიოზულად გვიმტკიცებს, რომ ჩამოხრჩო­ბილ-გაგუდული აგრაფინას სული ნეგატიური ენერგიით იქნებოდა დამძიმებული და გზას ვერ გაიგნებდა საიქიოსკენ! სწორედ ამიტომ დადის ის მუზეუმის დერეფნებში. ანდა ის რად ღირს, რომ მიხაი ზიჩმა, რომელიც თურმე 1866 (და არა 1881 ნელს) ნელს ესტუმრა საქართველოს და "ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათები დადგა, ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად გამოიყენა აგრაფინა, რომელიც იმ დროს 11 წლისა იყო. ან ის, რომ პრინცმა ოლდენბურგმა თავად ტარიელ დადიანს, აგრაფინასთან გატარებული ერთი ღამის ნაცვლად, მილიონი ოქროს თუმანი შესთავაზა. თუ უფიქრიათ რომ ასეთ შეურაცხყოფას პრინცი ოლდენბურგი ტარიელ დადიანს კი არა, მდაბიოსაც არ აკადრებდა? გაუაზრებიათ კი, რომ ეს თანხა 10 მილიონი ოქროს მანეთი, იმ დროისთვის ფანტასტური თანხაა? აგრაფინას თითქოს ის არ ეყოფოდა, რაც გადაიტანა და ახლა, მის წარმოსახვით მოჩვენებას ისღა დარჩენია, რომ ვაებით ამოთქვას: "ვაი ცოლს ცუდის ყმისასა".

     დროა, ამ ჭორებს ბოლო მოეღოს. მუზეუმის შესანიშნავ ფონდებს ასეთი რეკლამა ნამდვილად არა სჭირდება. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვწერ, რომ მე და აგრაფინას საერთო გვარი გვაქვს. ჯერ ერთი, ჯაფარიძეთა ჩვენს შტოებს საერთო წინაპარი ყავდა და მეორეც, აგრაფინა პაპაჩემის, ერთ დროს ცნობილი იურისტის, ლუკა ჯაფარიძის ბიძაშვილიშვილი (დედის მხრიდან) იყო და ბავშვობაში არაერთხელ მომისმენია, თუ როგორ იხსენებდნენ ჩურჩულით ჩემი პაპა და ბებია აგრაფინას. იმ დროს სასტიკი რეპრესიების ტალღა ჩავლილი იყო, მაგრამ ყოფილ oფედერალისტ პაპაჩემს ერიდებოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. პირველად, 10 წლის ასაკში მათგან გავიგონე "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”, მაგრამ მაშინ ეს ამბავი მაინცადამაინც არ მაღელვებდა და დღეს თუ კალამი ხელში ავიღე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მცირეთაგანი ვარ საქართველოში, რომელსაც შეუძლია ამ ქალბატონისა, და იმავდროულად, ნათესავის ინტერესების დაცვა.

 

 *

     აგრაფინა ჯაფარიძე 1866 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. ის თავად ჯაფარიძეთა იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც ზემო რაჭაში სოფელ ონჭევში სახლობდა. აგრაფინას დედ-მამას კონსტანტინეს და მელანიას (ისიც ჯაფარიძე იყო) კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. კონსტანტინე 1860 ნელს 26 წლისა გარდაიცვალა და მელანია ქალიშვილებთან ერთად გადასახლდა ქუთაისში. აქ ის 1864 ხლის 2 ნოემბერს მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე. აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც, სხვათა შორის, სწავლობდა ნიკო ნიკოლამის დასთან, ოლიმპიადასთან ერთად.

     21 ნლის აგრაფინა გათხოვდა თავად ტარიელ დადიანზე, რომელსაც პირველი ცოლი სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და 4 შვილს ზრდიდა. მარი ტეგიული (რომელსაც ეკუთვნის ერთ-ერთი საუკეთესო ნარკვევი პრინც ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის შესახებ) წერს, რომ აგრაფინას ტარიელთან 2 ქალიშვილი ეყოლა, მაგრამ მე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი დავადასტურე, მენიკი დადიანი (დ.1882 8.), მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ.

     აგრაფინას ბედი ძირეულად შეიცვალა 80-იანი წლების დამდეგს. ამ დროს ქუთაისში დაბანაკდა ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი ფლიგელ-ადიუტანტის პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით (1881-1887 წწ.), რომელმაც მანამდე მონაწილეობა მიიღო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომში და მოგვიანებით გენერალიც გახდა. 30 წლისა იყო ოლდენბურგთა სახელოვანი გვარის ნაშიერი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, დარდიმანდი, ხელგაშლილი და თავზეხელაღებული კაცი. ეს თვისებები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იმპერატორს დიდი ხნით მოეშორებინა ის იმპერიის დედაქალაქიდან და კავკასიაში მიევლინებინა.

     უცოლო პრინცი ოლდენბურგი ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძით. მაგრამ აგრაფინა ქმრიანი ქალი იყო. ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა ტარიელ დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო. იმასაც ამბობენ, თითქოსდა ნარდში, ანდა ბანქოში წააგო ფული ტარიელმა და, ვალის გადახდის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა. სხვა ვერსიით, დადიანი დიდხანს უარზე იყო, ვიდრე თავის თავზე არ აიღო განქორწინებისთვის საჭირო ბრალი და სათანადო კომპენსაციაც მიიღოო. მაგრამ ჭეშმარიტება მაშინაც კი არავინ იცოდა, ეს ყველაფერი ჭორები იყო და თანამედროვენიც ამ ჭორებს მოგვითხრობდნენ, ერთი დეტალის - მილიონი ოქროს თუმნის გარდა.

    დადიანი საბოლოოდ დათანხმდა, გაშორებოდა ცოლს. ახლად დაბადებული ქალიშვილი მენიკი დადიანებმა წაიყვანეს და მერე, დედასთან მისი ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცი. ქუთაისელი კნიაჟნები მზად იყვნენ "ერთ კოვზ წყალში ჩაეხრჩოთ აგრაფინა” (ე. თავბერიმე ), რომელმაც მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა და გულისტკივილს მხოლოდ იმით იქარვებდნენ, რომ სალონებში გიტარაზე აკვნესებდნენ: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო."

    პრინცმა ოლდენბურგმა და აგრაფინა ჯაფარიძემ 1882 წლის 20 ოქტომბერს დაიწერეს ჯვარი. ქორწილი საკმაოდ ხალხმრავალი იყო. ამის შემდეგ 10 წელიწადში აგრაფინამ ოლდენბურგს 3 ქალიშვილი (ალექსანდრა, ეკატერინე და ნინა) და 3 ვაჟი (ნიკოლაი, ალექსი და პეტრე) აჩუქა. ბედნიერებას ისიც ვერ ჩრდილავდა, რომ დიდგვაროვან კონსტანტინე ოლდენბურგისთვის ქორწინება ქართველი ხელმოკლე თავადის ასულზე არათანასწორი, მორგანატული იყო. ამის გამო ჰერცოგმა მამამ ჩამოართვა შვილს იმის უფლება, რომ აგრაფინას და მისგან ნაშობ შვილებს ოლდენბურგის გვარი ეტარებინათ. ბაგრატიონთა გვარის წინამმღოლმა, აგრაფინას ნათლულმა, აწ განსვენებულმა ნინო ბაგრატიონმა მიამბო, რომ ჰერცოგმა აგრაფინას გვარად ჯერ შესთავაზა "ბოზ”, მაგრამ აგრაფინამ უარი განაცხადა, რადგანაც ქართულად ეს გვარი არასასურველ ასოციაციას იწვევდა და სხვა შეთავაზება - ფონ ზარნეკაუს გვარი (ზარნეკაუ, ან ცარნეკაუ იყო ადგილი ოლდენბურგთა სამფლობელოში) მიიღო. ისე კი, პრინცმა ოლდენბურგმა თავისი შვილების მომავალი აგრაფინას სიყვარულს ანაცვალა. მის შთამომავლებს სამუდამოდ გადაეკეტათ გზა ჰერცოგის ტახტისკენ. ამ ქორწინებით უკმაყოფილო დარჩა ნიკოლოზ II და რუსეთის საიმპერატორო კარი. მაგრამ, როცა პეტერბურგში კონსტანტინემ თავის მეუღლე წარუდგინა იმპერატორს, ნიკოლოზი აღფრთოვანებული დარჩა მისი მშვენიერებით.

    ქორწინებამ შეცვალა კონსტანტინე ოლდენბურგი, ის დასერიოზულდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ქუთაისში ბალახოვანის (ამჟამად წერეთლის) ქუჩაზე მან იყიდა დიდი ფართობი და გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, გამოიწერა ფრანგი მეღვინეები და საქმე კარგად ააწყო. ქარხანა დიდძალ შამპანურსა და კონიაკს ამზადებდა საექსპორტოდ. ქუთაისში ცოლ-ქმარი 14 წელი ცხოვრობდა ოლდენბურგის მიერ აშენებულ ორსართულიან ეზოიან სახლში ანგლისკაიას ქუჩაზე, რომელსაც, მის პატივსაცემად, ოლდენბურგის სახელი ეწოდა (ახლანდელი ტაბიძის ქუჩა, №20). ჩვენს დროში იქ ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა. იქვე ახლოს (№27) მან ააგო ადმინისტრაციული შენობაც, რომელშიც, ქუთაისის დატოვების შემდეგ, ჩერდებოდნენ ქუთაისის გუბერნატორები. მოგვიანებით იქ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა.

     კონსტანტინე ოლდენბურგი მონაწილეობდა ფოთსა და ზუგდიდს შორის რკინიგზის გაყვანაში, გაგრის კეთილმოწყობაში, სადაც წამყვანი იყო მისი ძმა ალექსანდრე. მაგრამ კონსტანტინეს დამსახურება იმდენად დიდი იყო, რომ 1908 წლის 27 აპრილს მას ძეგლი დაუდგეს გაგრაში.

     ძმებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ ინტელიგენციასთან, მეგობრობდნენ ილიასთან, აკაკისთან, ეწეოდნენ ქველმოქმედებას. დაუღალავი ქველმოქმედი იყო აგრაფინაც, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას გაუმართა ხელი, ესწავლათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თავისი კუთხის - რაჭის შვილებისადმი. იყო ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. აგრაფინა წერდა ქართულად და რუსულად. ფრანგული ცუდად იცოდა, რაც მას ნაკლად ჩაუთვალა რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა გრაფმა ს. ვიტემ. მაგრამ აგრაფინა ამ ნაკლს თავისი კეთილშობილებითა და ქველმოქმედებით ავსებდა.

    პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი, ოჯახთან ერთად, ქუთაისს 1896 წლის 19 ოქტომბერს გამოემშვიდობა. მანამდე 11 და 16 ოქტომბერს ქალაქის თავადაზნაურობამ და ქუთაისის ინტელიგენციამ მას გამოსათხოვარი საღამოები გაუმართეს. ერთ მათგანზე აკაკი წერეთელიც გამოსულა შთამბეჭდავი სიტყვით. სამნუხაროდ, ეს სიტყვა მის თხზულებებში ვერ მოვიძიე და, იმედია, როდესმე მიაკვლევენ სპციალისტები.

     ჩვენს პრესაში ისიც დაიწერა, რომ აგრაფინა არ წაჰყვა ქმარს საქართველოდან და მაშინ ოლდენბურგმა შვილები წაიყვანა. ესეც მორიგი გაუგებრობაა. აგრაფინა თან ახლდა ქმარს პეტერბურგშიც და პარიზშიც. 1903 წელს თებერვალში მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგში კოსტიუმირებულ სააღდგომო წვეულებაში XVII ს-ის რუსი დიდებული ქალბატონის სამოსში. ამ წვეულების მონაწილეთა სურათები დაბეჭდილია. მათ შორის 48 წლის აგრაფინა სილამაზით აშკარად გამოირჩევა.


აგრაფინა ჯაფარიძე სააღდგომო წვეულებაზე

 
   კონსტანტინე ოლდენბურგი საფრანგეთში 1906 წელს გარდაიცვალა და მისი ცხედარი პეტერბურგში დაკრძალეს. აგრაფინა ამის შემდეგ ცხოვრობდა პეტერბურგში, სადაც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ინახულა პაპაჩემმა. მე შემეძლო მესაუბრა მისი უახლოესი გარემოცვის - დისა და ნახევარდების, ხშირად, ტრაგიკულ ცხოვრებაზე. მაგრამ ამას, აგრაფინა ჯაფარიძეზე ვრცელი ნაშრომის მომზადებასთან ერთად, ახლო მომავლისთვის გადავდებ ჩემს ონელ უმცროს კოლეგებთან, ისტორიკოსებთან გია ბერიშვილთან და დავით ჯაფარიძესთან ერთად და ქვემოთ მხოლოდ მისი შვილების შესახებ მოვუთხრობ მკითხველს.

     აქ მოტანილ სურათზე აგრაფინა ქმარ-შვილის გარემოცვაშია. ვინ ვინ არის, არ აწერია. მაგრამ ძნელი არ არის ვივარაუდოთ, რომ ყველაზე უმცროსი ნინა დედის მუხლებზეა. პრინცის ხელმარცხნივ უფროსი ვაჟია - ნიკოლაი; ხელმარჯვნივ ზის ალექსი. დედის ხელმარჯვნივ - პეტრე უნდა იყოს. უკანა პლანზე დგანან ეკატერინე და ალექსანდრა.


აგრაფინა ჯაფარიძე ქმარ-შვილთან ერთად

     რა ბედი ეწია მათ? უფროსი ქალიშვილი ალექსანდრა ცოლად გაჰყვა საფრანგეთში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვაჟს გიორგის, რომელიც დედასთან, ეკატერინე დოლგორუკოვასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და სორბონა დაამთავრა. მათი ისტორიაც სევდიანია. ალექსანდრე II -ს ჰყავდა ცოლი, რომელთანაც ეყოლა მომავალი იმპერატორი ალექსანდრე III. მაგრამ დედოფალი ხშირად ავადმყოფობდა და იმპერატორმა შვება რიურიკების შთამომავალ ეკატერინა დოლგორუკოვასთან ჰპოვა. მასთან გაუჩნდა 2 ასული და 2 ვაჟი. დედოფლის გარდაცვალებიდან (1880 წ. მაისი) მცირე ხნის შემდეგ იმპერატორი მორგანატული ქორწინებით შეუღლდა საყვარელ ქალთან და მას, შვილებთან ერთად, უბოძა უგანათლებულესი თავადის იურიევსკის გვარი. ისიც უნდოდა, რომ გიორგი ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მაგრამ 1881 წლის 13 მარტს ტერორისტთა მსხვერპლი შეიქნა. ეკატერინამ შვილებითურთ დატოვა პეტერბურგი და საფრანგეთში გადასახლდა. 1900 წლის 11 თებერვალს საფრანგეთში გადაიკვეთა აგრაფინას ასულის ზარნეკაუსა და გიორგი იურიევსკის ცხოვრების გზა. მათი შეუღლების ნაყოფი იყო ვაჟი ალექსანდრე, რომელიც 1900 წ. 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. რუსი არისტოკრატის ლევ ნარიშკინის მცდელობამ და გულმოდგინებამ შედეგი გამოიღო. 1908 წელს ალექსანდრა გაეყარა ქმარს, რომელიც მოკლე ხანში აღესრულა (1913 წ.) და ნარიშკინის ცოლი გახდა. ალექსანდრა 1937 წლის 28 მაისს გარდაიცვალა პარიზში.

     ერთი მხრივ, ალექსანდრე II-ისა და ეკეტერინა დოლგორუკოვას და მეორე მხრივ, პრინც კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის შვილიშვილის შვილი ჰანს-გიორგი ალექსანდრეს ძე (დაიბადა 1961 წლის 8 დეკემბერს), რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, რუსეთის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

                                   

ალექსანდრე იურევსკი      ჰანს-გიორგი იურევსკი მეუღლესთან ერთად

     ეს ფაქტი უცნობი დარჩა უსაფუძვლო სენსაციებით გატაცებული ბევრი ქართველი ჟურნალისტისთვის. ჰანს-გიორგი იურიევსკი რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთს. ცნობილმა გენეალოგისტმა ანჯეი სლოვიცკიმ, რომელიც მის გენეალოგიას წერს, მაცნობა, რომ მას სურს დიდი ბებიის სამშობლოს - რაჭის მონახულებაც.

     აგრაფინას სამი ვაჟიდან უფროსი - ნიკოლაი გარდაიცვალა 1976 ნელს კამბო-ლე-ბენში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. ორჯერ დაქორწინებულს შვილები არ დარჩა. სხვათა შორის, მისი პირველი ცოლი მარიანა ფონ პისტოლკორსი გარეული იყო რასპუტინის მკვლელობაში. მეორე - 31 წლის ალექსი 1918 წლის 16 სექტემბერს ბოლშევიკებმა დახვრიტეს პეტროგრადში. შთამომავლობა არც მას დარჩენია. უმცროსი ვაჟი პეტრე 1914 წლის 24 ოქტომბერს პეტერბურგში დაქორწინდა თამარ შარვაშიძეზე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ძმისშვილის პროკოფი შარვაშიძის მომხიბლავ ასულზე, რომელიც დედით მხეიძე იყო. ისინი რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდნენ. თამარი და მისი და, სახელგანთქმული მერი სილამაზით იყვნენ გამორჩეულნი იმდროინდელ პარიზში და სახელი გაითქვეს, როგორც მოდელებმა. თამარი ახალგაზრდა გარდაიცვალა, 34 წლისა, 1931 წელს ლეისინში (შვეიცარია) და მის შვილებზე კონსტანტინესა (1916-1977) და ნინაზე (1919- ???) ზრუნვა მერიმ იკისრა. პეტრე ზარნეკაუმ შემდეგ იქორწინა ალექსანდრა ანენკოვაზე პარიზში. კონსტანტინეს შთამომავლებია ვაჟი პეტრე (დ. 1948 წ.) და შვილიშვილი ნიკოლაი (დ.1968 წ.).

     აგრაფინას ქალიშვილებიდან მეორე, მომხიბლავი, ცისფერთვალება ეკატერინა, შინაურობაში თინა, დიდი ქველმოქმედი, ღვთისმოსავი და მედდა I მსოფლიო ომში, რევოლუციის შემდეგ კარგა ხანს პეტროგრადში ჩარჩა. ის სამჯერ იყო გათხოვილი და ჰყავდა ერთი ქალიშვილი - ტატიანა პირველ ქმართან, დიდი მთავრის კირილე ვლადიმერის ძის ადიუტანტთან ივან ფონ პლენთან. ეკატერინა ზარნეკაუ რომანოვების სახლთან დაკავშირებული უკანასკნელი წარჩინებული ქალბატონი იყო, რომელიც პეტროგრადში რჩებოდა და ყველანაირად ეხმარებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ის ორჯერ, 1920 და 1927 წლებში დააპატიმრა ჩეკამ და თუმცა თავი დააღწია განსაცდელს, რუსეთში გაჩერება სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. პირველი ქმრის, ივან ფონ პლენის ფინანსური შემწეობით და მართლმადიდებელი მღვდლების დახმარებით მან 1929 წლის 16 აგვისტოს დატოვა ლენინგრადი იმ საბაბით, რომ კავკასიაში მიემგზავრებოდა სამკურნალოდ. სინამდვილეში კი ეკატერინამ საიდუმლოდ გადალახა ფინეთის საზღვარი და საფრანგეთში ჩავიდა. პარიზში საბჭოთა აგენტურამ მალე გაარკვია, თუ როგორ შეძლო მან ეს და ჩეკა სასტიკად გაუსწორდა მის დამხმარეებს. ოცდაათზე მეტს, მათ შორის სასულიერო პირებსაც, გამოუტანეს უმაღლესი სასჯელი - დახვრეტა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ეკატერინას გაქცევის ამბავი იცოდა მაქსიმ გორკიმ, რისთვისაც, თავისი მეუღლის ხელით, საიდუმლოს შენახვისთვის, ფული აიღო. ეკატერინა გარდაიცვალა პარიზში 1962 წლის 24 დეკემბერს, 78 წლისა. მისი ქალიშვილი ტატიანა 1930 წელს ცოლად გაჰყვა ნიკოლაი ელჩანინოვს და მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ საფრანგეთში; ის გარდაიცვალა დედაზე ადრე, 1960 წელს, 61 წლის ასაკში, ბრიუსელში. დასასრულ აღვნიშნავ, რომ ეკატერინა ზარნეკაუს გაქცევას საფრანგეთში მიეძღვნა თანამედროვე რუსი მწერლის ვ. ზორინის მოთხრობა "გაქცევა” (დევს ინტერნეტში), ხოლო მის მხარდამჭერებზე ჩეკას სისხლიან ანგარიშსწორებას მოგვითხრობს ბ. ანტონოვის "გრაფინია ე. კ. ზარნეკაუს საქმე" ("Невский архив", 5, 2001).

     აგრაფინას უმცროსი ქალიშვილი ნინა სულიერად იყო დაავადებული და კისლოვოდსკში მკურნალობდა. სწორედ ამის გამო აგრაფინამ არ დატოვა ქვეყანა და ქალიშვილს უვლიდა. ნინა გარდაიცვალა 1922 წელს და ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ აგრაფინაც იქ აღესრულა, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს. აგრაფინა ქუთაისში დაბრუნდა. ბოლშევიკებმა მას ჩამოართვეს მთელი ქონება და იძულებული გახდა ძმისშვილთან - გიორგი იოსელიანთან ეცხოვრა. ის გადაურჩა ჩეკას კლანჭებს, რომელსაც უმწეო ქალი აღარ აინტერესებდა.

     ბებიაჩემის გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლებში აგრაფინა გაჭირვებაში ჩავარდა. შვილებისგან დახმარება არ, ან ვერ მოდიოდა და თავი ახლო ნათესავების დახმარებით გაჰქონდა. ნინას სიკვდილის შემდეგ მან კიდევ 4 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1926 წლის 18 ოქტომბერს, ქუთაისში წერეთლის 92-ში, ფილტვების შეშუპებით. განცხადება აგრაფინას გარდაცვალებაზე გააკეთა მისმა ძმისშვილმა გიორგი იოსელიანმა. დაკრძალვის დროს მის კუბოს რამდენიმე ახლობელი ჯაფარიძეც მიჰყვებოდა და მისი საფლავი საძიებელია ქუთაისის ძველ, უკვე გაუქმებულ რომელიმე სასაფლაოზე.

     ამრიგად, აგრაფინა არც მოუგუდავთ და არც ჩამოუხრჩიათ ბოლშევიკებს კარგარეთელის ქუჩაზე და ამდენად, მუზეუმის შენობაში მოჩვენების იდენტიფიკაცია, ისევე როგორც სიყვარულის ოთახში საიდუმლო შეხვედრების მონაწილეთა სახელები, ღიად რჩება. აგრაფინა ჯაფარიძის კვალის მაძიებლებს ისღა დარჩენიათ, რომ კიდევ ერთხელ გამოიჩინონ უკიდეგანო ფანტაზია და დიდი ძალისხმევა, ამ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატთა გამოსავლენად.

     აგრაფინას ცხოვრებას არ სჭირდება არც შელამაზება და არც დრამატიზება. ის ლამაზიც იყო და დრამატულიც. ხელმოკლე თავადის ასული, ტარიელ დადიანის მეუღლე, პრინც ოლდენბურგის ცოლი გახდა. მისი სახელი შესულია ევროპის სამეფოების დინასტიების სიებში. მან ნახა დიდებული და უზრუნველი ცხოვრება პეტერბურგში, რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებსა და საფრანგეთში. აღზარდა კარგი შვილები. ბოლშევიკურ წნეხში მოქცეულმა ნახა გაჭირვებაც, განიცადა შვილების გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი და აღესრულა ქუთაისში.

     დღევანდელი გადასახედიდან თითქოსდა წამიერი იყო მისი ცხოვრება იმ საოცარ დროში, მრავალი აღმასვლითა და დაღმა დაშვებით, სიხარულითა და ტკივილებით ....
 

”ჩვენი მწერლობა”, №20, 2011
კატეგორია: სტატიები | დაამატა: Zura (06.02.2012)
ნანახია: 3693 | კომენტარი: 1 | ტეგები: ჯაფარიძე | რეიტინგი: 4.7/10 |
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1 nliparteliani69 • 21:02, 10.10.2015
ბევრი განსხვავებული ვერსიით წამიკითხავს ეს ისტორია და მიხარია, რომ ბატონმა გოჩამ ყველაფერი შეულამაზებლად დაწერა. კარგია, დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე...ბევრად რეალურია ყველაფერი...
avatar
Copyright Z. Japaridze © 2018