ხუთშაბათი, 21.11.2024, 09:37
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ბიოგრაფიები [4]
ჯაფარიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ბიოგრაფიები
სტატიები [4]
ისტორიული სტატიები ჯაფარიძების გვარისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების შესახებ
ძებნა
სტატისტიკა
ჯაფარიძეები
მთავარი » სტატიები » ბიოგრაფიები

ტყუპი ძმები გრიგოლ და ვლადიმერ ჯაფარიძეები
       ტყუპი ძმები გრიგოლი (გრიშა) და ვლადიმერი (ლადო) დაიბადნენ 1887 წლის 14 (27) მაისს ზემო რაჭის სოფ. ღარის მკვიდრის, სახალხო მასწავლებლის, მალაქია ჯაფარიძის ოჯახში. ძმებმა სწავლა ონში დაიწყეს და შემდგომში ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელეს. რეალური სასწავლებელი კლასიკური გიმნაზიისგან განსხვავებით ორიენტირებული იყო ცხოვრებისეული პრაქტიკული დისციპლინების სწავლებაზე. ამით იყო განპირობებული ხატვის სწავლების მაღალი დონე, რასაც ხელს უწყობდა შესანიშნავად ორგანიზებული ხატვის კაბინეტი და პედაგოგად მოწვეული ვასილ კროტკოვი, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი. ძმებს როგორც ჩანს ჰქონდათ შინაგანი მიდრეკილება მხატვრობისადმი, რაც სასწავლებელში კიდევ უფრო გაიზარდა და მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩათ ხელოვნების ამ დარგისადმი განუზომელი სიყვარული.
     რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ძმებმა 1906 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტში განაგრძეს სწავლა, გრიგოლმა ისტორიულ–ფილოლოგიურ, ხოლო ვლადიმერმა იურიდიულ ფაკულტეტებზე.
     მოსკოვში ჩასვლისთანავე ძმები აქტიურად ჩაერთვენ ქართველთა მოსკოვის სათვისტომოს საქმიანობაში. აქ მათ გაიცნეს და აქტიური ურთიერთობა დაამყარეს მოსკოვში მოღვაწე უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან, გამოჩენილ მსახიობთან სუბათაშვილ–იუჟინთან, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილთან. ამ პერიოდში სწორედ ხახანაშვილის რჩევით ძმებმა რუსულად თარგმნეს ილია ჭაჭავაძის „გლახის ნაამბობი", აკაკი წერეთლის „ბაში აჩუკი" და ალ. ყაზბეგის რამოდენიმე მოთხრობა. ეს თარგმანები 1911 წელს მოსკოვის გამომცემლობა „პოლზამ" 3 მცირე ზომის წიგნად გამოსცა. ეს იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებთა რუსულ ენაზე დაბეჭდვის ერთ–ერთი პირველი შემთხვევა. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ წიგნების დიდ ტირაჟს და ხწელმისაწვდომ ფასს, ცხადი გახდება რომ ამ გამოცემით გაკეთდა ძალიან დიდი საქმე ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მკითხველისათვის გაცნობის საქმეში.
     ამავე წლებში ძმებმა იგივე ხანანაშვილის რჩევით ხორცი შეასხეს თავის სანუკვარ ოცნებას შეექმნათ გენიალური შოთა რუსთაველის პორტრეტი, რომელიც თავისი ინტერპრეტაციით დიდად განსხვავდებოდა პოეტის იმ დროს დაკანონებული გამოსა­ხულებისაგან. ამ პორტრეტის რეპროდუქცია 1912 წელს პირველად გრ. დიასამიძის მიერ გამოცემულ გაზეთ „თემში" დაიბეჭდა და თავისი არატრადიციულობის გამო საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. იმავე 1912 წელს პორტრეტი ასევე დაიბეჭდა პაოლო იაშვილის მიერ გამოცემულ ჟურნალ „ოქროს ვერძის" პირველ ნომერში. შემდგომში – 1924 წელს იოსებ იმედაშვილმა რუსთაველის პორტრეტი დიდი ტირაჟით დაბეჭდა და საჩუქრად დაურიგა მის მიერ გამოცემული ჟურნალის „თატრი და ცხოვრება" ხელის მომწერებს. 1940 წელს კი გამომცემლობა „სახელგამმა" პორტრეტის რეპროდუქცია ღია ბარათის სახით ასევე დიდი ტირჟით გამოუშვა.
     1910 წელს ძმებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლევ ტოლსტოის დაკრძალვაში, რაც იმ დროინდელ ფოტოებში და კინოქრონიკაში არის ასახული. ისინი ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული სათვისტომოს მიერ გამართულ ღონისძიებებში, მაგალითად მოსკოვში დიდად პოპულარული „ქართული საღამოების" ორგანიზებასა და ჩატარებაში.
     1912 წელს აკაკი წერეთელის რაჭაში მოგზაურობის დროს ძმები მალაქია ჯაფარიძის მთელ ოჯახთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მგოსნის დახვედრაში და მისი ყრადღებაც დაიმსახურეს. სწორედ აკაკისთან შეხვედრით მიღებული უდიდესი შთაბეჭდილებით 1912 წელსვე შექმნეს ძმებმა პასტელში შესრულებული აკაკის პორტრეტი. ამ პორტრეტმა დასაბამი მისცა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტების მთელ გალერეას, რომელიც გრიგოლის 1953 წელს გარდაცვალების შემდეგ ლადომ მარტო გააგრძელა. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებში ძმების მიერ შესრულებული მისი პორტრეტი გაზეთმა „პრავდა" პირველ გვერდზე დაბეჭდა, რაც იმ დროს დიდ პატივს წარმოადგენდა. სხვა მრავალრიცხოვან პორტრეტებს შორის აღსანიშნავია ალ. ყაზბეგის, ვაჟა ფშაველას, ივანე მაჩაბელის, ეგნატე ნინოშვილის, ახალგაზრდა დიმ. არაყიშვილის სახეები.
    მნიშვნელოვანია ძმების მონაწილეობა „ცისფერი ყანწების" მომზადებასა და გამოცემაში. საკმარისია ითქვას, რომ „ცისფერი ყანწების" ყდა პაოლო იაშვილის შეთავაზებით ლადოს მიერ იქნა შესრულებული, ხოლო გრიშას ლექსები ორივე ნომერში იყო დაბეჭდილი. მისი ლექსები ასევე დაბეჭდილი იყო ვალ. გაფრინდასვილის მიერ გამოცემული ჟურნალის „მეოცნებე ნიამორების" ორივე ნომერში. გრიგოლი სტუდენტობის პერიოდშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავისი წერილებით იმ დროინდელ პერიოდულ გამოცემებში (მაგ. ინფორმაცია ტოლსტოის დაკრძალვის შესახებ).
 
     გრიგოლმა მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგიური საქმიანობა ქ. სალიანის (ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) გიმნაზიაში რუსული ენის და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგად მუშაობს. აქ 1918–1919 წლებში მან ისევ გაიხსენა თავისი ახალგაზრდობის გატაცება თეატრალური საქმიანობით და კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთაგან დრამატული წრე ჩამოაყალიბა. სწორედ ამ წრეში პირველად ეზიარენ ხელოვნებას ისეთი კორიფეები, როგორც უშანგი ჩხეიძე, დოდო ანთაძე, კინორეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი (სანოვი) და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი დიმიტრი მჭედლიძე. უშანგი ჩხეიძესთან გრიგოლს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია ახლო ურთიერთობა. 1919–1920 წლებში ქ. ოჩამჩირის ქართული გიმნაზიის დირექტორია, 1921–1923 წლებში რაჭის მაზრის განათლების განყოფილების გამგე. 1923 წლიდან გრიგოლი თბილისში გადმოდის სადაც ერთ–ერთი საშუალო სკოლის (შემდგომში ი. ჭავჭავაძის სახ. 23 საშუალო სკოლა) სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობს. 1927 წლიდან აფხაზეთის ხელისუფლების მიწვევით იგი ჯერ ოჩამჩირის ქართული 9–წლედის, შემდგომ კი სოხუმის ქართული 9–წლედის და პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორის თანამდებობებზე მუშაობს. 1931 წლიდან გრიგოლი საბოლოოდ გადმოდის თბილისში საცხოვრებლად და აქ აგრძელებს მოღვაწეობას. 1931–1937 წლებში იგი ახლად დაარსებული „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის" დირექტორის (გოგლა ლეონიძე) მოადგილეა. შემდგომში გრიგოლი კვლავ პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა. იგი თბილისის უნივერსიტეტში იწყებს მუშაობას ჯერ რუსული ენის კათედრაზე, ხოლო შემდეგ გარდაცვალებამდე – რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პარალელურად იგი რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა გორის, ბათუმის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. ამავე პერიოდში გრიგოლმა რუსულ ენაზე თარგმნა შიო არაგვისპირელის მთელი რიგი მოთხრობები, რომლებიც შევიდა გამომცემლობა „ზარია ვასტოკას" მიერ გამოშვებულ წიგნში. გრიგოლი გარდაიცვალა 1953 წელს 66 წლის ასაკში.
 
     ლადომ მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ქ. ფოთში დაიწყო, სადაც იგი იმდროინდელმა ქალაქის თავმა ნიკო ნიკოლაძემ მიიწვია ქალაის მმართველობაში სამუშაოდ. 1921 წლიდან ლადო თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და გარკვეული პერიოდი თბილისის ქალაქის საბჭოში მუშაობდა. შემდეგ მოღვაწეობა ახლად დაარსებულ საგამომცემლო ორგანიზაციაში – „სახელგამში" გააგრძელა. 1936 წლიდან მან მამისა და ძმის მსგავსად პედაგოგიურ მოღვაწეობას მიმართა. თავში თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე რუსულ ენას ასწავლიდა, ხოლო 1938 წლიდან ამ ფაკულტეტის დამოუკიდებელი ფიზიკური კულტურის ინსტიტუტად ჩამოყალიბების დღიდან პენსიაზე გასვლამდე იყო ამ ინსტიტუტის ჯერ რუსული ენის პედაგოგი, შემდგომში კი ენების კათედრის გამგე. პენსიაზე გასვლის შემდეგ ლადომ ხელი მიჰყო თავისი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოვლენებით აღსავსე ცხოვრების მოგონებების წერას. 2007 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა" დაბეჭდა ლადო ჯაფარიძის მოგონებები. ამ წიგნის გამოსვლამ ქართული პერიოდული პრესის ფურცლებზე რამოდენიმე აღტაცებული გამოხმაურების დაბეჭდვა გამოიწვია. ლადო 1981 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კატეგორია: ბიოგრაფიები | დაამატა: Zura (27.05.2012)
ნანახია: 2439 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
avatar
Copyright Z. Japaridze © 2024